გრიგოლ რობაქიძე
დაბადების თარიღი :
1882-10-28
გადრაცვალების თარიღი:
1962-11-19
ქვეყანა :
საქართველო
ქალაქი :
სვირი
"ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს" – ეს სიტყვები ეკუთვნის გრიგოლ რობაქიძეს – პოეტს, მოაზროვნეს, პუბლიცისტსა და ფილოსოფოსს, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ–ერთ ფუძემდებელს.
ის ხშირად იმალებოდა ფსევდონიმებში, ხშირად იქცეოდა არაორდინალურად, წერდა განსხვავებული სტილით და ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა მის იდეოლოგიას.
საბჭოთა ხელისუფლებამ გრიგოლ რობაქიძის წინააღმედგ სასტიკი და ამორალური კამპანია წამოიწყო, პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიც მწერალს "სოციალისტური სამშობლოს მოღალატეს", "ფაშისტს" უწოდებდნენ. საბჭოთა კავშირში აიკრძალა მისი ყველა ნაწარმოები. ფაშიზმთან ერთად, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ხელისუფლებას ეშინოდა მისი პატრიოტული იდეოლოგიის, რადგან გრიგოლ რობაქიძის მწერლობაში ყოველთვის იგრძნობოდა დიდი პატრიოტული მუხტი.
იმერეთის პატარა სოფელ სვირში დაბადებულმა ჭაბუკმა, ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ იურიევის (ტარტუს), ხოლო შემდეგ ლაიპციგის უნივერსიტეტებში.
გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნებული გრიგოლ რობაქიძე ქართველ სიმბოლისტთა ერთ–ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) გრიგოლ რობაქიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მწერალმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში 10 წელი იცხოვრა. საქართველოში შეიქმნა მისი რომანი "გველის პერანგი", პიესები: "ლონდა", "მალშტრემი", "ლამარა", (რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე), ლექსები, პუბლიცისტურ–კრიტიკული წერილები. საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე მუდმივად იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის მიერ. 1931 წლიდან იგი პოლიტიკურ ემიგრაციაშია, ცხოვრობდა გერმანიასა და შვეიცარიაში. გრიგოლ რობაქიძე ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ქართველ ემიგრანტთა შორის.
შემოქმედებითი კუთხით მეტად ნაყოფიერი იყო გერმანიაში გატარებული წლები. 1931-1945 წლებში გერმანულად გამოქვეყნდა "მეგი", "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", "გრაალის მცველნი", "დემონი და მითოსი". ევროპულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე მრავალგზის გამოცემულმა კრებულმა "კავკასიური ნოველები".
"როგორ შეძელით თქვენ, უცხოელმა, ამნაირად ჩვენი ძნელი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შეძლებდა თვით გერმანელი" – ასე მიმართა გრიგოლ რობაქიძეს გერმანელმა პოეტმა და მკვლევარმა ტასილიო ფონ შეფერმა.
ბიოგრაფიულ რომანში "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი" აკაკი ბაქრაძე წერს: "მართალია მისი ძირითადი რომანები – "ჩაკლული სული", "მეგი – ქართველი ქალი" (ამ რომანს მეორე სახელიც აქვს – "მედეას ნაწნავები"), "ქალღმერთის ძახილი, ანუ დალი", "გრაალის მცველნი" – გერმანიაში გამოქვეყნდა გერმანულად, მაგრამ ისინი ქართული პროზის მკვიდრი, ორგანული და მოუცილებელი ნაწილები არიან. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: გრიგოლ რობაქიძის გერმანულად დაწერილ რომანებში ქართული სამყაროს ტრაგედია უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე სხვა მწერალთა ქართულად დაწერილ და საქართველოში გამოქვეყნებულ თხზულებებში..."
ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის მკვლევარის კონსტანტინე ბრაგაძის აზრით "გრიგოლ რობაქიძის (1880-1962) რომანების პოეტიკის ბაზისს ქმნის მითოლოგიური დისკურსი – მითოლოგიური პარადიგმები და მითო–პოეტური სახისმეტყველება..."
ასევე საინტერესოა მწერლის შემოქმედების კიდევ ერთი ასპექტი – დიქტატორული, არადემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემის ბუნება, ამ სისტემის დამანგრეველი ძალა და ქართული სულიერების ბედი ასეთი რეჟიმის პირობებში.
ძნელად თუ მოიძებნება სადმე მწერალი, რომლის პიროვნებისა თუ შემოქმედების მიმართ საზოგადოების განწყობა რადიკალურად ისე განსხვავებული ყოფილიყო, როგორც ეს გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაში მოხდა, ის იყო ავტორი არა მხოლოდ შესანიშნავი რომანების, პიესებისა და ლექსების, არამედ XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი დიქტატორისადმი მიძღვნილი ესეებისაც ("ადოლფ ჰიტლერი – უცხოელი მწერლის თვალით" და "მუსოლინი"), თუმცა მოგვიანებით, სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი დეტალურად ხსნის, რა იყო დიქტატორებზე შექმნილი მისი ესეების დაწერის მიზეზი.
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას სხვადასხვა დროს მაღალი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა... იგი არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად, მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა მარტოობაში და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წელს, ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს, ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ნეშტი საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.
"მე ისტორიას არაფერს ვანდობ, რადგან იგი ფრიად დაუნდობელია..." – მწერლის ამ სიტყვებით შეიძლება დავასრულოთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოკლე მიმოხილვა.
წყარო:
1. ბაქრაძე, აკაკი. კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი. – თბ., 2003.
2. ბრეგაძე, კონსტანტინე. ქართული მოდერნიზმი (გრ. რობაქიძს, კ. გამსახურდია, გ. ტაბიძე). –თბ., 2013
3. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ქართველოლოგიური ეტიუდები. – I. – ქუთაისი, 2010
4. ვასაძე თამაზ. ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში. – თბ., 2010
5. http://ka.wikipedia.org/wiki/
6. https://burusi.wordpress.com/literature/grigol-robakidze/